სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 15 კმ, გარდაბნიდან 50 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1083 კაცი.
istoria
სოფელი წავკისი ისტორიულ წყაროებში პირველად 1398 წელს მოიხსენიება, კერძოდ, ალექსანდრე მეფის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში, რომლითაც მეფემ სვეტიცხოველს შეწირულობა „მახრაღაჯითა და ხეკორძითურთ“ განუახლა. სავარაუდოა, რომ წავკისზე მფლობელობა სვეტიცხოველმა 1578 წელს ქართლშიოსმალების გაბატონების გამო დაკარგა. მოგვიანებით, 1595 წელს, სვიმონ მეფემ (1556-1600 წ.წ.) წავკისი მეტეხის ტაძარს შესწირა, მაგრამ 1677 წლის 7 მაისს ლევან და გიორგი ბატონიშვილებმა (ვახტანგ V-ის შვილები) იგი სვეტიცხოველს განუახლეს და ხელახლა შესწირეს. ბერი ეგნატაშვილის ცნობით წავკისელი იყო როსტომ ხანის დედა.
საისტორიო საბუთების თანახმად, წავკისი საციციანოში შედიოდა: 1721 წლის აღწერით ირკვევა, რომ ამ დროს წავკისის მებატონეები არიან ვახტანგ V-ის (შაჰნავაზი) (1658-1675 წ.წ.) „დარბაისელი“ უთრუთ ციციშვილი, პაპუნა ციციშვილი (სარდლიშვილი) და ზაზა ციციშვილი (სარდლიშვილი), ხოლო 1781 წლის ტფილისის მიდამოების სოფლების მოსახლეობის აღწერის დავთრიდან ჩანს, რომ წავკისის მებატონეები გივი და თეიმურაზ ციციშვილები არიან. წავკისი ქვემო ციციშვილების მამული იყო, რის გამოც, ხშირად, მოსახლეობის მიგრაცია წავკისში ქვემო ციციშვილების სხვა სოფლებიდან ნიჩბისი, ყინწვისი, ქვენაფლავი და სხვა, ხდებოდა.
XVIII საუკუნიდან ციციშვილების საგვარეულოს დასუსტების შედეგად, მათი მამულების ნაწილი თბილისის მელიქ-მამასახლისების, ბებუთაშვილების ხელში გადავიდა. იოანე ბატონიშვილის მიერ XIX საუკუნის დამდეგს ჩატარებულ აღწერაში ტფილისის სამხრეთით მდებარე სოფლების სიებში აღნიშნულია „ქ. წავკისი“. საბჭოთა პერიოდში შედიოდა გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სასოფლო საბჭოში. განვითარებული იყო მემინდვრეობა. 2007 წლიდან შევიდა თბილისის შემადგენლობაში და 2007-2013 წლებში ეკუთვნოდა დიდგორის რაიონს, 2013 წლიდან კი მთაწმინდის რაიონშია.
mosaxleoba
რუსეთის იმპერიის აღწერის თანახმად, 1804 წელს წავკისი 302 დესეტინაზე ყოფილა გაშლილი, სადაც გლეხების მხოლოდ ცხრა კომლია დასახელებული; ამ დროს აქაურობის მებატონეები ყოფილან ფარსადან, ზაზა და უთრუთ ციციშვილები. სინამდვილეში, ყველა მონაცემით მოსახლეობის რაოდენობა მეტი უნდა იყოს: ადვილი შესაძლებელია, წავკისის აღწერისას შეცდომა იყოს დაშვებული, რადგან ცნობილია, რომ 1781 წელს იქ 16 კომლი ცხოვრობდა, ხოლო 1817 წელს - 27. ამ ორი აღწერის შუა პერიოდში მხოლოდ 9 კომლის არსებობა საეჭვოა. შესაძლებელია, რომ მებატონეები, გადასახადების შემცირების მიზნით, შეგნებულად მალავდნენ ყმების რეალურ რაოდენობას.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
1100 |
2002 |
1199 |
2014 |
1083 |
cnobili adamianebi
|